პროექტის შესახებ
მდინარე ჯეჯორას ხეობაში დაგეგმილი SORGITI 1 და SORGITI 2 ჰიდროენერგეტიკული პროექტებიეფუძნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების მასალებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ ინფორმაციასა და კვალიფიციური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა და წარმოდგენილი მასალების განხილვის შემდეგ გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. პროექტის განხორციელება დაშვებულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გარემოსდაცვითი მდგომარეობის კონტროლი არ არის ერთჯერადი პროცესი მონიტორინგი გაგრძელდება როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის ეტაპებზე.
კომპანიის დაკვეთით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციის მიერ მომზადებულია და გარემოს ეროვნულ სააგენტოშია წარდგენილი SORGITI 1-ისა და SORGITI 2-ის სრული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში და მის ოფიციალურ ვებგვერდზე - ei.gov.ge.
SORGITI 1 და SORGITI 2-ის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ადგილობრივ დასაქმებას, მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდას, განათლების მხარდაჭერას, გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ინტერნეტიზაციას, უსაფრთხოების სისტემების განვითარებასა და ტურისტულ-რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.
ღონისძიებების გავრცელების არეალი მათი შინაარსის მიხედვით განსხვავდება. ქონების გადასახადიდან მომდინარე დაფინანსება და საგზაო ინფრასტრუქტურის სეზონური გაწმენდა ხეობის ყველა სოფელს ეხება.
სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გათვალისწინებულია ხეობის იმ სოფლებისთვის, რომლებსაც მდინარე ჯეჯორასთან პირდაპირი შეხება აქვთ.
ყოველწლიური სოციალური დახმარების ფონდი კი ხუთ სოფელს მოიცავს: პიპილეთს, სორგითს, ონჭევს, ქვედრულასა და ირს.
ქონების გადასახადი - ყოველწლიური შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში
პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კომპანია ქონების გადასახადის სახით ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 1,600,000 ლარს გადაიხდის.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ თანხის 30%-ის დაახლოებით 480,000 ლარის ხეობის სოფლების საჭიროებებისთვის მიმართვის შესახებ უკვე მიღებულია.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქონების გადასახადიდან მომდინარე დაფინანსება ყოველწლიურად, უვადოდ გაგრძელდება.
100-150 ადგილობრივი დასაქმებული მშენებლობის პერიოდში
მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა პოზიციაზე საშუალოდ 100-150 ადგილობრივი მცხოვრების დასაქმებაა გათვალისწინებული.
ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ კი დაგეგმილია 40-50 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა.
100,000 ლარი ყოველწლიურად - სოციალური დახმარების ფონდი 5 სოფლისთვის
სოციალური დახმარების ფონდის ფარგლებში ყოველწლიურად ჯამურად 100,000 ლარი გამოიყოფა ხუთი სოფლისთვის: პიპილეთი, სორგითი, ონჭევი, ქვედრულა და ირი. თითოეული სოფლისთვის გათვალისწინებულია 20,000 ლარი წელიწადში.
დაფინანსება დაიწყება პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ და ყოველწლიურად, უვადოდ გაგრძელდება.
ინტერნეტიზაცია და უსაფრთხოება
ხეობის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში განხორციელდება ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტიზაცია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე და სტაბილურ ინტერნეტინფრასტრუქტურასთან წვდომას გაუუმჯობესებს.
ამასთან, დაგეგმილია ხეობის კამერიზაცია. კამერების სისტემა ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მდინარეზე ბრაკონიერობის პრევენციას.
მდინარე და ტურიზმი - საბანაო, საკემპინგე და რეკრეაციული სივრცეები
პროექტი ითვალისწინებს მდინარე ჯეჯორას ხეობაში ტურისტული და რეკრეაციული შესაძლებლობების განვითარებას.
SORGITI 2-ის არეალში შერჩეულია ექვსი რეკრეაციული ლოკაცია, სადაც დაგეგმილია:
- ტრადიციული საბანაოების განახლება;
- ახალი საბანაოების მოწყობა;
- საკემპინგე სივრცეების განვითარება;
- სეზონური ჯომარდობის ლოკაციების მოწყობა.
საბანაო სეზონზე წყლის აღების რეჟიმი უნდა იმართოს ისე, რომ შერჩეულ ადგილებში შენარჩუნდეს მათი რეალური ფუნქციონირებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა. რეკრეაციული ღონისძიებები არ ცვლის სავალდებულო ეკოლოგიური ხარჯის დაცვის მოთხოვნას.
განათლება და პროფესიული შესაძლებლობები
სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის ბაზაზე ენერგეტიკული პროფესიული სასწავლებლის შექმნა გადაწყვეტილია. მის შესაქმნელად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა განათლების სამინისტროსთან.
სასწავლებელში გათვალისწინებულია შემდეგი სასწავლო პროგრამები:
- ელექტროობა და ელექტრომონტაჟი;
- ელექტრომექანიკა და ენერგეტიკული დანადგარების ტექნიკური მომსახურება;
- ჰიდროენერგეტიკის საფუძვლები;
- შრომის უსაფრთხოება.
ენერგეტიკის მიმართულების კურსდამთავრებულებს ექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობაც, შესაბამისი კვალიფიკაციისა და პოზიციების გათვალისწინებით.
პროექტი ასევე ითვალისწინებს განათლების წახალისებას - მათ შორის ოქროსმედალოსანი მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერას.
პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტრანსპორტირებისთვის კომპანიამ უკვე შეიძინა
მიკროავტობუსი, ხოლო სკოლა პერიოდულად მომარაგდება ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით.
საზოგადოებრივი ინვესტიციები - სკოლები, ბიბლიოთეკები და საერთო სივრცეები
პროექტის სოციალური მიმართულება მოიცავს ხეობაში საზოგადოებრივი სივრცეების განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას.
გათვალისწინებულია თავშეყრის ადგილების, ძველი კლუბების, ბიბლიოთეკებისა და სპორტული მოედნების მოწყობა ან აღდგენა. ასევე გათვალისწინებულია გამოუყენებელი და ამორტიზებული შენობების დემონტაჟი.
გზები, სასმელი წყალი და ინფრასტრუქტურა
ხეობის სოფლებში გათვალისწინებულია არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. საძოვრების, ტყეკაფებისა და ტურისტული ლოკაციების მიმართულებით განხორციელდება გზებისა და ბილიკების გაყვანა და რეაბილიტაცია. ასევე მოწესრიგდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზები.
24/7 მზადყოფნა - მძიმე ტექნიკა ხეობის საჭიროებებისთვის
კომპანიის მძიმე ტექნიკის პარკი 24/7 რეჟიმში, ოთხივე სეზონზე იქნება მზადყოფნაში, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს: სოფლის შიდა გზების გაწმენდა, გზების გაფართოება და სტიქიური მოვლენების დროს ოპერატიული რეაგირება.
მდინარე ჯეჯორა და წყლის რეჟიმი
SORGITI 1 და SORGITI 2-ის მუშაობისას მდინარის კალაპოტში დასატოვებელი წყლის რაოდენობისთვის განსაზღვრულია მინიმალური ზღვრები.
SORGITI 2-ის შემთხვევაში მდინარეში უნდა დარჩეს ბუნებრივი ფაქტობრივი ხარჯის - არანაკლებ 28%,
ხოლო SORGITI 1-ის შემთხვევაში - არანაკლებ 25%.
ეს მაჩვენებლები წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს და არა ფიქსირებულ წყლის მოცულობას - წყლის რაოდენობა სეზონურად იცვლება. თუ სავალდებულო მოთხოვნა ან მონიტორინგის შედეგი მეტ წყალს მოითხოვს, უპირატესობა უფრო მაღალ მაჩვენებელს მიენიჭება.
მდინარე ჯეჯორაზე უკვე დამონტაჟებულია ავტომატური ჰიდროლოგიური საზომი სადგური, რომელიც უწყვეტად აფიქსირებს წყლის დონეს. მონაცემები ელექტრონულად ინახება და დამატებითი საკონტროლო გაზომვებიც პერიოდულად ჩატარდება.
უსაფრთხოება და სომიწოს მეწყერი
სომიწოს მეწყერი მდებარეობს მდინარე ჯეჯორას მარცხენა ფერდობზე, ხოლო SORGITI 2-ის ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობები განთავსებულია მდინარის მარჯვენა ნაპირზე.
პროექტის ძირითადი ნაგებობების მეწყერის სხეულთან პირდაპირი ტერიტორიული გადაკვეთა არ ფიქსირდება. ასევე, მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ იგეგმება.
უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებულია:
- ვიზუალური და ტექნიკური მონიტორინგი;
- პოტენციურ მეწყრულ ლოკაციებზე მაღალი სიზუსტის GNSS/GPS სისტემების მონტაჟი;
- მშენებლობის ყველა ეტაპზე საინჟინრო-გეოლოგიური ზედამხედველობა;
- საყურადღებო ცვლილების შემთხვევაში სამუშაოებისა და უსაფრთხოების პირობების დამატებითი შეფასება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
გარემოს დაცვა და აღდგენა
გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს წყლის რეჟიმის, გეოლოგიური და მეწყრული რისკების, ბიომრავალფეროვნების, ტყისა და მცენარეული საფარის, ნარჩენების, ჰაერის, ხმაურის, მოსახლეობაზე ზემოქმედებისა და სოციალური საკითხების შეფასებას.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო უბნებსა და სანაყაროებზე დაგეგმილია სარეკულტივაციო სამუშაოები და ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების დარგვა-გახარება.
ასევე გათვალისწინებულია ბიომრავალფეროვნებისა და იქთიოფაუნის მონიტორინგი, მდინარის კალმახის ლიფსიტით დათევზიანება და შესაბამისი ღონისძიებების ეფექტიანობის კონტროლი.
პასუხისმგებლიანი განვითარება და მუდმივი მონიტორინგი
SORGITI 1 და SORGITI 2-ის პროექტით გათვალისწინებული სოციალური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია. გამონაკლისია სოციალური ფონდების ყოველწლიური დაფინანსება და ქონების გადასახადიდან მომდინარე დაფინანსება, რომლებიც პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დაიწყება და ყოველწლიურად, უვადოდ გაგრძელდება.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფარგლებში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულება სავალდებულოა პროექტის განხორციელებისას.
SORGITI 1 & SORGITI 2 - პასუხისმგებლიანი განვითარება • მუდმივი მონიტორინგი • დიალოგი მოსახლეობასთან.