გადასვლა მთავარ კონტენტზე
განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია

FAQ

ხშირად დასმული შეკითხვები

გარემოსდაცვითი და გეოლოგიური საკითხები

დაადასტურა თუ არა ვინმემ სომიწოს მეწყრის სრული სტაბილურობა?

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტის განხილვისას სომიწოს მეწყერთან და გეოლოგიურ რისკებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რაც კომპანიამ შესაბამის მასალებთან ერთად წარადგინა.

დოკუმენტაციაში განმარტებულია, რომ სომიწოს მეწყერი მდინარე ჯეჯორას მარცხენა ფერდობზე მდებარეობს, ხოლო „სორგითი 2 ჰესის“ ყველა ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობა მარჯვენა ნაპირზე. შესაბამისად, პროექტის მშენებლობა სომიწოს მეწყერს უშუალოდ არ ეხება.

წარდგენილი ინფორმაციის განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა და მისი განხორციელება გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დაცვით დაუშვა.

24.94 ჰექტარიანი საპროექტო ტერიტორიიდან რამდენი ჰექტარი მდებარეობს მეწყრის გავლენის ზონაში?

24.94 ჰექტარი არის „სორგითი 1“-ისა და „სორგითი 2“-ის საპროექტო ტერიტორიების საერთო ფართობი. აქედან „სორგითი 1“-ის ტერიტორია დაახლოებით 11.70 ჰა-ს, ხოლო „სორგითი 2“-ის დაახლოებით 13.24 ჰა-ს შეადგენს.

რაც შეეხება სომიწოს მეწყერს, არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ „სორგითი 2“-ის ძირითადი ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობები, მათ შორის სადაწნევო მილსადენი და ჰესის შენობა, მეწყერის უშუალო სხეულში ან მის არეალში არ მდებარეობს. შესაბამისად, პროექტის ძირითად ნაგებობებსა და მეწყერის სხეულს შორის პირდაპირი ტერიტორიული გადაკვეთა არ ფიქსირდება.

ასევე, მდინარე ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე დაგეგმილი მილსადენის დაახლოებით 900-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით 0.9 ჰა ტერიტორიას მოიცავს, სომიწოს მეწყერის არეალში არ ხვდება.

საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტებში არ ჩანს, 6 402 ხიდან რამდენია კაკალი და რამდენი ეკუთვნის სხვა სახეობებს.

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში წარდგენილი ტაქსაციის მასალების მიხედვით, პროექტის ტერიტორიაზე სულ აღრიცხულია 6 402 ძირი ხე. აქედან 16 ძირი არის კაკალი, ხოლო დანარჩენი 6 386 ძირი სხვა სახეობებს მიეკუთვნება.

კერძოდ, აღრიცხულია: 4 382 ძირი თხმელა, 447 რცხილა, 791 მდგნალი, 2 წიფელი, 16 ცაცხვი, 36 ბალამწარა, 88 პანტა, 13 მაჟალო, 5 ტყემალი, 1 თუთა, 15 ტირიფი, 2 თელა, 1 ალვა, 169 აკაცია, 141 მუხა, 175 იფანი, 85 ფიჭვი, 17 ნაძვი და 16 კაკალი.

პროექტის ფარგლებში მოჭრილი ხეები თავდაპირველად დროებით განთავსდება სამშენებლო დერეფანში, შემდეგ კი მართვისთვის გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს. შემდგომ კომპანია ხე-ტყეს სახელმწიფოსგან გამოისყიდის და მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცემს.

იქთიოფაუნასთან დაკავშირებით: 2024 წლის მაისში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა, მათ შორის იმიტომ, რომ წარმოდგენილი არ იყო იქთიოლოგიური კვლევის რუკა, ხოლო კვლევების ნაწილი მდინარის მაღალი სიმღვრივის პირობებში იყო ჩატარებული. სააგენტოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია შემდგომში იქნა წარმოდგენილი შესაბამის განმარტებით დოკუმენტაციაში - სააგენტოს 2024 წლის 28 მაისის №21/5416 წერილის მოთხოვნების შესაბამისად.

ვის ეკუთვნის მშენებლობის დერეფნის მიწები?

საპროექტო დერეფნის საბოლოო shape ფაილები გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის ანგარიშთან ერთად არის წარდგენილი და შესაბამისი მასალები საჯაროდ ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე - ei.gov.ge.

ამასთან, პროექტით გათვალისწინებულ სამშენებლო დერეფანში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ ფიქსირდება.

რა მოცულობის წყალი დარჩება ჯეჯორაში ჰესების ამოქმედების შემდეგ?

ჰესების მიერ წყლის აღება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ კონკრეტულ დროს რამდენი წყალი მიედინება მდინარე ჯეჯორაში. შესაბამისად, მდინარეში დასატოვებელი წყლის რაოდენობა ფიქსირებული არ იქნება - ის სეზონისა და ბუნებრივი წყალმომარაგების მიხედვით შეიცვლება.

პროექტით განსაზღვრულია,

რომ „სორგითი 2“-ის წყალაღების კვეთში მდინარის ბუნებრივი წყლის არანაკლებ 28% უნდა დარჩეს კალაპოტში, ხოლო „სორგითი 1“-ის წყალაღების კვეთში - არანაკლებ 25%.

ეს პროცენტები წარმოადგენს მინიმალურ ზღვარს და არა მუდმივ მოცულობას. წყალუხვობის პერიოდში მდინარეში წყლის რაოდენობა ბუნებრივად მეტი იქნება და, შესაბამისად, კალაპოტშიც მეტი წყალი დარჩება. ყველა შემთხვევაში დაცული იქნება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და მოქმედი მოთხოვნებით განსაზღვრული სავალდებულო ეკოლოგიური ხარჯი. თუ მონიტორინგი ან შესაბამისი სახელმწიფო მოთხოვნა მდინარეში მეტი წყლის დატოვებას მოითხოვს, ჰესების მიერ წყლის აღება შემცირდება.

საბანაოები და მდინარის გამოყენება მოსახლეობის მიერ

„სორგითი 2“-ის არეალში, განსაკუთრებით სოფელ პიპილეთის მონაკვეთზე, მდინარე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური და რეკრეაციული მნიშვნელობისაა. მოსახლეობასთან განხილვის შედეგად შერჩეულია ექვსი ლოკაცია, სადაც დაგეგმილია ტრადიციული საბანაოების განახლება, ახალი საბანაო და საკემპინგე სივრცეების მოწყობა, ხოლო სეზონურად - ჯომარდობისთვის საჭირო ლოკაციების განვითარება.

საბანაო სეზონზე წყლის აღების რეჟიმი უნდა იმართოს ისე, რომ ამ ადგილებში შენარჩუნდეს საბანაოების რეალური ფუნქციონირებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა. ამასთან, საბანაოების მოწყობა დამატებითი სოციალური და ტურისტული ღონისძიებაა და არ ცვლის სავალდებულო ეკოლოგიური ხარჯის დაცვის ვალდებულებას.

როგორ გაკონტროლდება მდინარის მდგომარეობა

მდინარე ჯეჯორაზე უკვე დამონტაჟებულია ავტომატური ჰიდროლოგიური საზომი სადგური, რომელიც უწყვეტ რეჟიმში დააფიქსირებს წყლის დონესა და ხარჯს - ანუ რამდენი კუბური მეტრი წყალი გადის მდინარეში ერთ წამში. მონაცემები ელექტრონულად შეინახება, რაც შესაძლებელს გახდის კონკრეტულ დღესა და საათზე წყლის რაოდენობის გადამოწმებას. სადგურის მონაცემების სიზუსტე პერიოდულად დამატებით შემოწმდება სპეციალური ADCP მოწყობილობით.

ასევე გათვალისწინებულია:

  • მდინარის კალაპოტის ფორმირება იქ, სადაც წყალი დღეს რამდენიმე ტოტად ნაწილდება, რათა დინება უკეთ იყოს კონცენტრირებული და უსაფრთხოდ იმართოს;
  • ბიომრავალფეროვნებისა და იქთიოფაუნის მუდმივი მონიტორინგი როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდში;
  • მშენებლობის დასრულებისა და ჰესების მუშაობის პერიოდში დათევზიანების ღონისძიებების განხორციელება და მათი ეფექტიანობის კონტროლი;
  • შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან პერიოდული ანგარიშგება;
  • მონიტორინგის შედეგების მიხედვით წყლის აღების რეჟიმისა და დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების გადახედვა, თუ ასეთი საჭიროება გამოვლინდება.

პროექტის გარემოსდაცვითი შეფასება, ბიომრავალფეროვნებისა და თევზების დაცვის ღონისძიებები ასახულია გზშ-ის მასალებსა და მონიტორინგის გეგმებში, რომელთა განხილვის საფუძველზეც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.

მნიშვნელოვანია, რომ მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის დაცვა ერთჯერადი შეფასებით არ სრულდება - მისი რეალური მდგომარეობა და პროექტის გავლენა ექსპლუატაციის პერიოდშიც გაგრძელებული ჰიდროლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგით უნდა გაკონტროლდეს.

თუ ინფორმაცია საჯაროა, რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას შემოკლებული ვერსიით?

„სორგითი 1“ და „სორგითი 2“ ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტები სკოპინგის ანგარიში, გზშ-ის ანგარიში და გზშ-ის არატექნიკური, შემოკლებული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ei.gov.ge 2023 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე.

ამასთან, მოსახლეობისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო მარტივად და მოკლე ფორმით მიწოდების მიზნით, პროექტთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებზე, ძირითად საკითხებსა და კომპანიის მიერ აღებულ ვალდებულებებზე მზადდება სპეციალური საინფორმაციო მასალა, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

პროექტის შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრებიც გაიმართა. კერძოდ:

  • სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა 2023 წლის 13 დეკემბერს სოფელ ირში და სოფელ პიპილეთში;
  • გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა 2024 წლის 2 აპრილს ასევე სოფელ პიპილეთსა და სოფელ ირში.

შეხვედრებზე ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ და მათ ჰქონდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც უშუალოდ აღნიშნულ სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები, ისე სხვა რეგიონებიდან ჩამოსული დაინტერესებული პირები. საუბარია იმ სოფლებზე, რომლებიც პროექტებთან პირდაპირ შემხებლობაში არიან.

სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი

ვინ არიან ჰესების მფლობელები?

ჰესების პირდაპირი მფლობელია კომპანია „განახლებადი ენერგიის რეგიონალური კომპანია“.

კომპანიის წილების განაწილება ასეთია: 90%-ს ფლობს „რაჭა გრინ ენერჯი“, ხოლო 10%-ს - მაკა საბანაძე.

„რაჭა გრინ ენერჯის“ დირექტორი და დამფუძნებელია საქართველოს მოქალაქე დავით უგრელიძე. შესაბამისად, კომპანიის საკუთრების სტრუქტურაში სწორედ ეს პირები და კომპანიები ფიგურირებენ.

სად განთავსდება სანაყაროები და მოჭრილი ხეები, როგორ მოხდება დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა, ვინ იქნება პასუხისმგებელი ახალ ნარგავებზე და როგორ გაკონტროლდება ნარჩენები, ჰაერის ხარისხი და სხვა გარემოსდაცვითი საკითხები?

მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი ფუჭი ქანების განთავსებისთვის განსაზღვრულია სპეციალური სანაყაროები. მათი მდებარეობისა და მოწყობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში - ქვეთავში 2.3.2.3.2 „სორგითი 2 ჰესის სანაყაროების პროექტი“.

პროექტის ფარგლებში მოჭრილი ხეები თავდაპირველად დროებით განთავსდება სამშენებლო დერეფანში, შემდეგ კი მართვისთვის გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს. შემდგომ კომპანია ხე-ტყეს სახელმწიფოსგან გამოისყიდის და ხეობის მოსახლეობას, სოფლების მიხედვით, უსასყიდლოდ გადასცემს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაყაროებსა და მშენებლობის შედეგად დაზიანებულ სხვა ტერიტორიებზე ჩატარდება რეკულტივაცია. აღდგენით სამუშაოებში გათვალისწინებულია ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების დარგვა და გახარება. ნარგავების დარგვასა და შემდგომ მოვლაზე პასუხისმგებელი იქნება კომპანია, ხოლო სამუშაოები განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ზედამხედველობით.

ნარჩენების მართვისთვის პროექტს აქვს ცალკე გეგმა, რომელიც მოცემულია გზშ-ის ანგარიშის დანართებში - ქვეთავი 1.3 „ნარჩენების მართვის გეგმა“. ჰაერის ხარისხზე და გარემოს სხვა კომპონენტებზე შესაძლო ზემოქმედების შეფასება კი წარმოდგენილია გზშ-ის ანგარიშის მე-5 თავში.

ამასთან, გარემოზე კონტროლი მხოლოდ მშენებლობის დაწყებამდე ჩატარებული კვლევებით არ შემოიფარგლება. როგორც მშენებლობის, ისე ჰესების ექსპლუატაციის პერიოდში „სორგითი 1“-ისა და „სორგითი 2“-ის დერეფანში ჩატარდება გარემოს სხვადასხვა კომპონენტის პერიოდული მონიტორინგი, გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმის შესაბამისად. ეს გეგმა სააგენტოშია წარდგენილი შესათანხმებლად.

რვა სოფლის მოსახლეობას რა ინფრასტრუქტურული და პრევენციული ღონისძიებები შეეხებათ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური, დასაქმების, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება. ძირითადი მიმართულებებია:

ღონისძიებების გავრცელების არეალი მათი შინაარსის მიხედვით განსხვავდება. ქონების გადასახადიდან მომდინარე დაფინანსება და საგზაო ინფრასტრუქტურის სეზონური გაწმენდა ხეობის ყველა სოფელს ეხება.

სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები გათვალისწინებულია ხეობის იმ სოფლებისთვის, რომლებსაც მდინარე ჯეჯორასთან პირდაპირი შეხება აქვთ.

ყოველწლიური სოციალური დახმარების ფონდი კი ხუთ სოფელს მოიცავს: პიპილეთს, სორგითს, ონჭევს, ქვედრულასა და ირს.

ადგილობრივი ბიუჯეტი და დასაქმება

  • კომპანია ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის დაახლოებით 1 600 000 ლარს;
  • ჰესების მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა პოზიციაზე სავარაუდოდ დასაქმდება 100–150 ადგილობრივი მცხოვრები;
  • ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 40–50 ადამიანი;
  • ენერგეტიკული მიმართულების კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ კომპანიაში, მათ შორის შესაბამის მენეჯერულ პოზიციებზე.

სოციალური მხარდაჭერა და განათლება

  • სოციალური დახმარების ფონდის ფარგლებში ყოველწლიურად ჯამურად 100,000 ლარი გამოიყოფა ხუთი სოფლისთვის: პიპილეთი, სორგითი, ონჭევი, ქვედრულა და ირი. თითოეული სოფლისთვის გათვალისწინებულია 20,000 ლარი წელიწადში.

დაფინანსება დაიწყება პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ და ყოველწლიურად, უვადოდ გაგრძელდება.

  • პიპილეთის საშუალო სკოლის ან ონის რომელიმე სკოლის ბაზაზე იგეგმება პროფესიული სასწავლებლის შექმნა, სადაც მსურველები გადამზადდებიან როგორც ენერგეტიკის, ისე სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მიმართულებით;
  • წახალისდებიან ოქროსმედალოსანი მოსწავლეები და სტუდენტები;
  • პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტრანსპორტირებისთვის კომპანიამ უკვე შეიძინა მიკროავტობუსი. ასევე პერიოდულად მოხდება სკოლის საჭირო ინვენტარით მომარაგება.

გზები და სოფლის ინფრასტრუქტურა

  • სოფლის საძოვრებზე, ტყეკაფებსა და ტურისტულ ლოკაციებზე, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან კოორდინაციით, მოხდება გზებისა და ბილიკების გაყვანა, რეაბილიტაცია და მოწესრიგება;
  • კომპანია უზრუნველყოფს სოფლის შიდა გზების ოთხსეზონიან მომსახურებას. სტიქიური მოვლენების დროს კომპანიის მძიმე ტექნიკა მზადყოფნაში იქნება გზების გაწმენდისა და გაფართოებისთვის;
  • მოწესრიგდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზები;
  • საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები;
  • მოხდება გამოუყენებელი და ამორტიზებული შენობების დემონტაჟი.

ინტერნეტი და უსაფრთხოება

  • ხეობაში განხორციელდება ბოჭკოვანი ინტერნეტიზაცია;
  • იგეგმება ხეობის კამერიზაცია, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და მდინარეზე ბრაკონიერობის პრევენციას.

მდინარე, თევზი და ტურისტული ინფრასტრუქტურა

  • მდინარეში განხორციელდება კალმახის ლიფსიტით დათევზიანება;
  • მოთხოვნის შემთხვევაში მოეწყობა ტბორები კალმახის რეწვის მიმართულების განვითარებისათვის;
  • მოწესრიგდება არსებული საბანაოები და შეირჩევა ახალი ლოკაციები;
  • მოეწყობა ჯომარდობისა და საკემპინგე სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეები

  • დაგეგმილია საკულტო და სარიტუალო ადგილების, ძველი კლუბების, ბიბლიოთეკებისა და სპორტული მოედნების აღდგენა და მოწესრიგება;
  • საპატრიარქოსთან, ადგილობრივ ეპარქიასა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით გათვალისწინებულია პიპილეთის, ონჭევისა და ირის ტაძრების მშენებლობა, აღდგენა ან რეაბილიტაცია.

აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს როგორც ხეობის ყოველდღიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე დასაქმების, განათლების, უსაფრთხოების, ტურიზმისა და სოციალური მხარდაჭერის მიმართულებებს.